Loading



ავტორების სია » გურამ ასათიანი


დაიბადა : 12.08.1928 წ
გარდაიცვალა : 28.06.1982 წ

გურამ ლევანის ძე ასათიანი (დ. 12 აგვისტო, 1928, თბილისი - გ. 28 ივნისი, 1982), ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1955 წლიდან ქართულ და რუსულ პრესაში იბეჭდება ასათიანის კრიტიკული წერილები თანამედროვე ლიტერატურის აქტუალურ პრობლემებზე. მასვე ეკუთვნის ნ. ბარათაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიული გამოკვლევა და გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, პ. იაშვილის, გ.ლეონიძის, ს. ჩიქოვანის, ი. აბაშიძის, გ. რჩეულიშვილის ლიტერატურული პორტრეტები. 1965 წლიდან ხელმძღვანელობს შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის განყოფილებას. ასათიანი სსრკ მწერალთა კავშირის კრიტიკის საბჭოს წევრია. საქართველოში დაბრუნებული ''ლიტერატურნაია გაზეტას" კორესპონდენტად დაინიშნა. ამდენად სპეციალურ რუსულ პრესაშიც ბეჭდავდა კრიტიკულ წერილებს ქართველ პოეტთა და ლიტერატორთა შემოქმედების შესახებ. 1958-1960 წწ. იგი მუშაობდა კინოსტუდია ''ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილების გამგედ.
 

1963 წელს   გამოაქვეყნა წერილების კრებული ''პოეტები და პოეზია", 1965 წლიდან გურამს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში XIX საუკუნის განყოფილების ხელმძღვანელობა ჩაბარდა.

1969 წელს ''მერანი და მისი ავტორი" გამოიცა, რომელიც საფუძვლად დაედო 1974 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიას „ვეფხისტყაოსნიდან ბახტრიონამდე".  ამავე წელს იბეჭდება ნაშრომები - ალ. ყაბზეგისა და გ. ჭალადიდელის მოღვაწეობაზე კრებულში ''ქართული ლიტერატურის XIX საუკუნის II ნახევრის ისტორია". ამ ტომის რედაქტორიც თვითონ იყო. 1974 მან ისევ I საკავშირო პრემია მიიღო. 1975 წელს გურამი მონაწილეობდა აფრო-აზიის მწერალთა და ლიტერატორთა სიმპოზიუმში ფილიპინებზე, დედაქალაქ მანილაში, რომლის შესახებ გამოაქვეყნა წერილი ''ფორტ სანტ-იაგოდან ხატინამდე".

1976 წელს სსსრ მწერალთა კავშირთან არსებული კრიტიკის საბჭოს წევრად აირჩიეს.  1977 წ. გურამმა წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს ივ.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში თემაზე: ''ევოლუცია ქართული პოეტური აზროვნებისა XIX საუკუნეში".

1978 წლიდან ჟურნალ ''ლიტერატურნაია გრუზია"-ს მთავარი რედაქტორობა ჩაბარდა.  1982 წ. აპრილში გამოქვეყნდა  გახმაურებული წერილების კრებული - ''სათავეებთან" (რამდენიმე ცდა ქართული ხასიათისა და ესთეტიკური ბუნების გასარკვევად),

1982 წლის ივნისში გურამი მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა. მან დატოვა ახალი კრიტიკული ესეების კრებული - „თანამდევი სულები", იგი 1983 წ. მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა, ხოლო სტატიათა კრებულს „უკეთესს დროთათვის", ქართველი მკითხველი 1985 წელს გაეცნო. 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კი 1988 წელს გამომცემლობა ''მერანმა" დაბეჭდა რჩეული ნაშრომების ერთტომეული ''საუკუნის პოეტები".

 

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations