Loading



ავტორების სია » ალექსანდრე გრიბოედოვი


დაიბადა : 04.01.1795 წ
გარდაიცვალა : 30.01.1829 წ

ალექსანდრე სერგეის ძე გრიბოედოვი, რუსი მწერალი და დიპლომატი (4 იანვარი, 15 იანვარი, 1795 (სხვა ცნობით - 1794), მოსკოვი -  30 იანვარი, 11 თებერვალი, 1829, თეირანი, დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდაზე)

დაიბადა მემამულის ოჯახში. მიიღო მრავალმხრივი განათლება. 1812 წელს სამამულო ომის დაწყებისთანავე სამხედრო სამსახურში შევიდა. ომის დამთავრების შემდეგ მსახურობდა საგარეო საქმეთა კოლეგიაში და ახლოს იცნობდა პუშკინს, დეკაბრისტებს. 1822 წლიდან მსახურობდა თბილისში ჯერ მთავარმართებელ ერმოლოვთან, შემდეგ პასკევიჩთან. დაუახლოვდა მოწინავე ქართულ საზოგადოებრიობას, განსაკუთრებით ა. ჭავჭავაძის ოჯახს. დეკაბრისტების აჯანყების შემდეგ დააპატიმრეს, მაგრამ ფარული საზოგადოების წევრობა ვერ დაუმტკიცეს. 1827 წელს მიანდეს ოსმალეთთან და ირანთან დიპლომატიური ურთიერთობია წარმართვა. 1828 წელს დანიშნეს რუსეთის მინისტრ-რეზიდენტად (სრულუფლებიან წარმომადგენლად) ირანში. იმავე წელს ცოლად შეირთო ა. ჭავჭავაძის ასული ნინო. 1829 წელს თეირანში აჯანყებულმა ბრბომ იმსხვერპლა.

გრიბოედოევის მსოფლმხედველობას განსაზღვრავს განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველი თაობის - რევოლუციონერ თავად-აზნაურთა იდეები. მისი შემოქმედების საფუძველს რეალიზმი შეადგენს. გრიბოედოვის მთავარი თხზულებაა კომედია "ვაი ჭკუისაგან" (სრული ტექსტი გამოქვეყნდა 1862). ნაწარმოებში კონფლიქტს ქმნის ორი მსოფლმხედველობის, ორი იდეოლოგიის შეჯახება: ფეოდალიზმის დამცველთა და რევოლუციის ძალთა ბრძოლა, რეაქციული რუსეთისა და ახალი, თავისუფლებისმოყვარე თაობის ჭიდილი.

"ვაი ჭკუისაგან" მაღალიდეური და მხატვრულად სრულყოფილი ქმნილენა, რეალისტური დრამატურგიის ბრწყინვალე ნიმუშია.

გრიბოედოვის ადრეული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ფრანგულიდან გადმოკეთებული კომედიები "ახალგაზრდა ცოლ-ქმარი" (1815), "მოგონილი ღალატი" (1817) და სხვა ავტორებთან ერთად დაწერილი პიესები: "საკუთარი ოჯახი, ანუ გათხოვილი საპატარძლო" (1817), "სტუდენტი" (1817). გრიბოედოვი ბეგობრობდა მაშინდელი ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებთან (ა. ჭავჭავაძის ოჯახი, გ. ორბელიანი, გ. ერისთავი და ძმები ჭილაშვილები, ს. დოდაშვილი და სხვ.). მის სახელთანაა დაკავშირებული გაზეთ "ტიფლისსკიე ვედომოსტის" გამოცემა, სამაზრო სკოლების გახსნა, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დაარსების ცდა, "კომერციული ბანკის" დაარსება. მასვე ეკუთვნის აღა-მაჰმად-ხანის მიერ დანგრეული თბილისის განახლების პროექტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი მთელი ამიერკავკასიის სამეურნეო-კულტურული გარდაქმნის პროექტი. საქართველოსთანაა დაკავშირებული გრიბოედოვის მხატვრული შემოქმედების ნაწილი: "მგზავრის წერილები", ლექსი "იქ,სადაც რბის ალაზანი", პოემა "მეყალიონე", ფრაგმენტები დაუმთავრებელი ტრაგედიისა "ქართული ღამე", გეგმა ტრაგედიისა "რადამისტი და ზენობია".

შემონახულია ცნობები, რომ "ვაი ჭკუისაგან" პირველად ა.ჭავჭავაძის სახლში წარმოუდგენიათ, ხოლო შემდეგ - რომან ბაგრატიონის სასახლეში (გრიბოედოვის სახელობის თეატრის ყოფილი შენობა).

კომედიის პირველი მთარგმნელები იყვნენ გ.წინამძღვრიშვილი (1853), ა. ყაზბეგი, განდეგილი (დომინიკა ერისთავი). უახლესი თარგმანი ეკუთვნის ს.ფაშალიშვილს (გამოიცა 1960). გრიბოედოვის შემოქმედებამ მაღალი შეფასება მოიპოვა ჯერ კიდევ რევოლუციამდელ ქართულ კრიტიკაში.

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations