Loading



ავტორების სია » თეოდორ დოსტოევსკი


დაიბადა : 30.10.1821 წ
გარდაიცვალა : 28.01.1881 წ

თედორ მიხეილის ძე დოსტოევსკი ( 1821 - 1881) დაიბადა ექიმის ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელი (1843). მსახურობდა საინჟინრო დეპარტამენტის სამხაზველოში. მალე თავი დაანება სამსახურს. პირველივე ნაწარმოებმა („საბრალო ადამიანები", გამოქვეყნდა 1846) გაუთქვა სახელი და მოწინავე რუს მწერალთა რიგში ჩააყენა. შემდგომ ზედიზედ გამოვიდა მოთხრობები "ორეული" (1846), „დიასახლისი" (1847), „თეთრი ღამეები" (1848), „ნეტოჩკა ნეზვანოვა" (1849). 1847 წელს დოსტოევსკი შევიდა პეტრაშეველთა რევოლუციურ წრეში, ერთ-ერთ სხდომაზე წაიკითხა ბელინსკის წერილი გოგოლისადმი. 1849 წელს სხვა პეტრაშეველებთან ერთად დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს, რაც განაჩენის აღსრულებამდე უკანასკნელ წუთს ციმბირის კატორღით შეუცვალეს. კატორღის შემდეგ დოსტოევსკი სალდათად გაამწესეს და მხოლოდ 1859 წელს დართეს ცენტრალურ რუსეთში დაბრუნების ნება.
 

ამ პერიოდში გამოქვეყნდა მისი თხზულებანი „ბიძის სიზმარი" (1859), „სოფელი სტეპანჩიკოვი და მისი მცხოვრებნი" (1859), რომანი „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი" (1861). კატორღის ცხოვრებას ასახავს იმ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები „ბარათები მკვდარი სახლიდან" (1861-1862). ციმბირში ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის ათმა წელმა ვერ გატეხა დოსტოევსკი, ვერ ჩაუკლა რწმენა ადამიანისადმი, პირიქით, გაუმძაფრა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი. ამავე წლებმა განაპირობა მისი ტრაგიკული მსოფლმხედველობითი წინააღმდეგობანი: რევოლუციური სიტუაციის პირობებში დოსტოევსკი გამოდიოდა რევოლუციურ-დემოკრატიული პროგრამის წინააღმდეგ, იგი უარყოფდა „წმინდა ხელოვნების" თეორიას, მაგრამ ილაშქრებდა ესთეტიკური უტილიტარიზმის წინააღმდეგ, ეკამათებოდა დობროლიუბოვს, რომელსაც მისი აზრით, ეს უტილიტარიზმი ახასიათებდა.
დოსტოევსკის მთავარი რომანებია „დანაშაული და სასჯელი" (1866), „იდიოტი" (1868), „ეშმაკნი" (1871-1872), „ყმაწვილი" (1875), „ძმები კარამაზოვები" (1879-1880).

დოსტოევსკი ჟურნალისტურ და პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა, ძმასთან ერთად გამოსცემდა ჟურნალებს „ვრემია" (1861-1863), „ეპოხა" (1864-1865). რედაქტორობდა რეაქციულ გაზეთ-ჟურნალს „გრაჟდანინ" (1873-1874), მეჭდავდა „მწერლის დღიურს", რომელშიც პუბლიცისტურ წერილებთან ერთად აქვეყნებდა მხატვრულ ნაწარმოებებსაც.

დოსტოევსკის შემოქმედების ფსიქოლოგიური, ზნეობრივი, პოლიტიკური და ფილოსოფიური პრობლემები ორგანულ ურთიერთკავშირშია და არეკლავს სინამდვილისა და საზოგადოებრივ აზრის წინააღმდეგობას რუსეთსა და დასავლეთ ევროპაში სოციალური ურთიერთობათა ნგრევისა და მწვავე ცვლის პერიოდში. ადამიანის ტანჯვის ასახვა დოსტოევსკის შემოქმედებაში გამსჭვალულია ჭეშმარიტი ჰუმანიზმითა და ანტიბურჟუაზიული პათოსით. ტრაგედია პიროვნებისა, რომლის ადამიანური ღირსება შებღალულია უსამართლო საზოგადოების მკაცრი კანონებით, სიმბოლურ განზოგადებას აღწევს ცხოვრებისაგან გათელილი მარმელადოვის აღსარებაში („დანაშაული და სასჯელი"), ანასტასია ფილიპოვნას ყიდვა-გაყიდვის სცენაში („იდიოტი"), ყმაწვილი დოლგორუკოვის მისწრაფებაში - გახდეს „თანამედროვე როტშილდი" („ყმაწვილი").

დოსტოევსკიმ შექმნა მაღალმხატვრულ პერსონაჟთა გალერეა, კარიერისტებით დაწყებული და მაღალი „იდეოლოგებით" დამთავრებული.



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations