Loading



ავტორების სია » პოლიკარპე კაკაბაძე


დაიბადა : 23.02.1893 წ
გარდაიცვალა : 15.10.1972 წ

პოლიკარპე მალხაზის ძე კაკაბაძე (დ.. 23 თებერვალი/7 მარტი, 1893, სოფ. კუხი, ახლანდელი ხონის რაიონი - გ. 15 ოქტომბერი, 1972, თბილისი), ქართველი დრამატურგი. 1911 წელს დაასრულა ბათუმის ვაჟთა გიმნაზია. მისი პირველი ნოველა "ბრძენი მოქანდაკე" დაიბეჭდა 1915 ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება" (N 46).

პოლიკარპე კაკაბაძის პირველი მნიშვნელოვა დრამატული ნაწარმოებია რევოლუციური ბრძოლის ამსახველი პიესა "გზაჯვარედინზე" (1917), რომელიც წარმატებით დაიდგა ბაქოს სცენაზე 1918 წელს (რეჟისორი ალ. წუწუნავა). 1919 წელს კაკაბაძის მიერ დაარსებულ ჟურნალში "შვიდი მნათობი" დაიბეჭდა მისი პიესები "სისხლი სინათლემდე" (N 1) და "სამი ასული" (N 2). 1925 წელს რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე დაიდგა მისი დრამა "ლისაბონის ტუსაღები" (რეჟისორი დ.ანთაძე).

დიდი პოპულარობით სარგებლობდა პოლიკარპე კაკაბაძის კომედია "ყვარყვარე თუთაბერი" (1928), რომელიც ქართული საბჭოთა კომედიოგრაფიის საუკეთესო ნიმუშია. პიესა პირველად დადგა კ.მარჯანიშვილმა 1929 წელს, ახლებური იყო რ. სტურუას 1974 წლის დადგმა (რუსთაველის სახ. თეატრი). 1938 წელს მარჯანიშვილის სახ.თეატრში დაიდგა კაკაბაძის კომედია "კოლმეურნის ქორწინება" (1937), რომელშიც მეტყველად აისახა ახალი საბჭოთა ადამიანის სულიერი ფორმირების პროცესი. პიესა დრამატურგის ახალ გამარჯვებად იქცა.

საბჭოთა ხალხის მშვიდობიანი შრომის თემას ეძღვნება კაკაბაძის 40-50-იან წლებში შექმნილი პიესები:"შეხვედრა მშენებლობაზე", "ბედნიერი სამჭედლო", "ციცინათელა", "პაექრობა", რომელთა გადამუშავების საფუძველზე დრამატურგმა 1964 წელს ახალი პიესა "ცხოვრების ჯარა" შექმნა. კაკაბაძის იატორიულ პიესას (კომედია)"კახაბერის ხმალი" ("დავით მერვე", 1954) უხვად ასაზრდოებს ქართულ ფოლკლორული სახეები. პიესა პირველად დაიდგა 1957 წელს ქუთაისში (რეჟისორი თ.მაღალაშვილი), 1965 წელს კი - თბილისში (მარჯანიშვილის სახ. თეატრი, რეჟისორი გ.ლორთქიფანიძე).
სიცოცხლის ბოლო ათწლეულში კაკაბაძე ინტენსიურად მუშაობდა ისტორიულ დრამისა და ტრაგედიის ჟანრში. ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა დრამატული პოემები "მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი" (1966), "მეფე ბაგრატ მეშვიდე" (1967), ტრაგედია "მეფე დიმიტრი თავდადებული" (1971).
კაკაბაძემ სიცოცხლეშივე მოიპოვა თანამედროვე კრიტიკისა და საზოგადოებრიობის დიდი აღიარება. მისი "ყვარყვარე თუთაბერის" მიხედვით შექმნილია ფილმი "ყვარყვარე" (1978, რეჟისორი დ. აბაშიძე).

 

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations