ავტორების სია » გიორგი ლეონიძედაიბადა : 27.12.1899 წ გიორგი ლეონიძე (27 დეკემბერი, 1899/8 იანვარი, 1900, საგარეჯოს რაიონი, სოფელი პატარძეული, ახლანდელი საგარეჯოს რაიონი - 9 აგვისტო, 1966, თბილისი) - ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მამა - ნიკო ლეონიძე, ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი იყო. მას გორის სემინარია ჰქონდა დამთავრებული და სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. დედა - სოფიო გულისაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა - ზაქარია გულისაშვილი - ხალხოსანი მწერალი, ''შაქროს" ფსევდომინით იბეჭდებოდა. ნიკო ლეონიძის ოჯახში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ასეთ გარემოში აღზრდილ გიორგი ლეონიძეს ბავშვობიდანვე გამოჰყვა ქვეყნისა და მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. გიორგი ლეონიძის სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც. გიორგის მამა ორი წლის ასაკში გარდაეცვალა და ხუთი და-ძმის აღზრდა დედამისს დააწვა მხრებზე. 1907 წელს გ. ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა. 1913 წელს მან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. აქ მას ასწავლიდნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორებიც არიან: ვასილ ბარნოვი, ნიკო სულხანიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვ. 1911 წლიდან უკვე პრესაში გამოჩნდა მისი პირველი ლექსები და წერილები. იგი რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს "გვირგვინი" და "ფანდური", რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა. 1916 წელს გიორგი ლეონიძემ დააარსა ლიტერატურული ალმანახი "საფირონი". ლეონიძე თვითმყოფი და ღრმად ეროვნული პოეტია, რომლის ადრინდელი ლირიკულმა შედევრებმა (''ნინოწმინდის ღამე", ''სიმღერა პირველი თოვლისა", 1926; ''მყვირალობა", ''ყივჩაღის პაემანი", ''ყივჩაღის რამე", 1928; ''ოლე", 1931 და სხვა) იმთავითვე განსაზღვრა პოეტის როლი XX საუკუნის ქართულ პოეზიაში. გიორგი ლეონიძის ლირიკულ-ეპიკურ პოემებში ''სამგორი" (1960) და ''ფორთოხალა" (1951; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952) თანამედროვეობის, ''ახალი ქართლის" თემა გადაწყვეტილი ისტორიის თემასთან თავისებურ მიმართებაში. ''ფორთოხალა" ისტორიის შემოქმედი ხალხისადმი, უსახელო გლეხის ქალისადმი მიძღვნილი ჰიმნია. ლეონიძეს ეკუთვნის აგრეთვე პოემები ''ბავშვობა და ყრმობა" (1933, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1941), ''ბერშოულა" (1943), ''რატომ არის საქართველო ლამაზი და მდიდარი" (1957) და სხვა. 60-იანი წლების ზღურბლიდან შეიმჩნევა ლეონიძის პოეზიის ახალი აღორძინება. გიორგი ლეონიძის მოთხრობების წიგნმა ''ნატვრის ხემ" (1962, იმავე სახელწოდების ფილმი - 1976, რეჟისორი თენგიზ აბულაძე) სრულიად ახალ მხატვრულ სამყაროს აზიარა მკითხველი, პოეტის ყრმობის ხორცშესხმული აჩრდილები, გააზრებულნი დიდი მხატვრის ღრმა ინტელექტით, თანამედროვე ოსტატის თვალთახედვით წარმოგვიდგებიან. ერთმანეთთან დაუკავშირებელი მცირე მოთხრობების ეპიკურობა მძლავრი პოეტური ნაკადით არის გაჯერებული. გიორგი ლეონიძე ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურათმცოდნეობაშიც. იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის, ქართულ-რუსული, ქართულ-უკრაინული ლიტერატურის ურთიერთობათა მკვლევარი, ძველი ხელნაწერების დაუცხრომელი მაძიებელი და გამომცემელი. 30-იან წლებში მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სსრ სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმად გადაკეთდა (ამჟამად გ. ლეონიძის სახელობისა), იგი წლების მანძილზე ამ მუზეუმის დირექტორად მუშაობდა. დააარსა ალმანახი ''ლიტერატურული მემკვიდრეობა", რომელსაც თვითონვე რედაქტორობდა. 1940-1948 წლებში ''ლიტერატურული მატიანის" რედაქტორი იყო, 1951-1953 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს. 1957-1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. გიორგი ლეონიძემ სათანადო კომენტარებითა და გამოკვლევებითურთ გამოსცა მამუკა ბარათაშვილი ''ჭაშნიკი" (1920), სულხან-საბა ორბელიანის ''სიბრძნე-სიცრუისა" (1928), იოსებ თბილელის ''დიდმოურავიანი" (1939) და სხვა. ლეონიძეს ეკუთვნის გამოკვლევები ვეფხისტყაოსნის, ვახტანგ VI-ის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვას, ანთიმოზ ივერიელის, მ. გურიელის, ა. ყაზბეგის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ვ. ბარნოვის და სხვათა შესახებ. კინოფილმ ''ჯურღაის ფარის" (1944, რეჟისორი ს. დოლიძე, დ. რონდელი) სცენარისათვის მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1950). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ნაწარმოებები : მოთხრობა : ნატვრის ხე ლექსი : ყივჩაღის პაემანი დედა ენა ნინოწმინდის ღამე ოლე ვეფხისტყაოსანს ვაჟა-ფშაველას თუკი ვცოცხლობთ სიმღერების იმედით მყვირალობა მხარე ვაზებში გამოხვეული მე ვკითხულობდი “ქართლის ცხოვრებას” ნინა ჭავჭავაძეს არ დაიდარდო, დედაო მთაწმინდიდან ქარს მოჰქონდა იორის ღამე ჩემო სამშობლოვ, შენი მეკვლე ვარ! ქართულო სიტყვავ! ღამე ივერიისა წეროს თოვლი ბმულები : |

Loading
