Loading



ავტორების სია » ჟან-ბატისტ მოლიერი


დაიბადა : 15.01.1622 წ
გარდაიცვალა : 17.02.1673 წ

მოლიერი (Moliere, ნამდვილი სახელი ჟან-ბატისტ პოკლენი; 15 იანვარი, 1622, პარიზი - 17 თებერვალი, 1673) - ფრანგი დრამატურგი და თეატრალური მოღვაწე. ხშირად მოიხსენიებენ როგორც "კომედი ფრანსეზის" დამაარსებელს და "მაღალი კომედიის" ჟანრის ფუძემდებელს.

ჟან ბატისტ პოკლენი (Jean-Baptiste Poquelin) 1622 წლის 15 იანვარს იქნა მონათლული პარიზში, სენტ-ეუსტაშის სამრევლოში. როგორც ვარაუდობენ, იგი იმ დღეს ან, უკიდურეს შემთხვევაში წინა დღით დაიბადა. ბაბუას პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა თეატრში, რამაც თავიდანვე შთაუნერგა პატარა ჟან-ბატისტს სცენისადმი სიყვარული. 1632 წელს გარდაეცვალა დედა. ერთი წლის შემდეგ ბიჭი კლერმონის კოლეჯში შეიყვანეს, სადაც გაიცნო პრინც დე კონტი, რომელიც მომავალში მისი პროტექტორი გახდა. კოლეჯის დასრულების შემდეგ ჟან-ბატისტმა სამართალის სწავლა დაიწყო ორლეანში.

1642 წელს იგი მეფის კარზე იწყებს მუშაობას, სადაც გაიცნობს მსახიობების - ბეჟარების ოჯახს და მათთან ერთად 1643 წლის 30 ივნისს აარსებს "ბრწყინვალე თეატრს". თატრის ხელმძღვანელი თავიდან მადლენ ბეჟარია, რომლის მიმართ გულგრილი არ არის მომავალი დრამატურგი. 1644 წელს დასის დირექტორი ხდება ჟან-ბატისტი და ამავე წელს ფსევდონიმად იღებს "მოლიერის" სახელს. სახელის არჩევის მიზეზი დღემდე უცნობი რჩება. თეატრის კარიერა დასაწყისში საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა, ვალების გამო მოლიერი დაპატიმრებულიც კი იყო. იგი ტოვებს პარიზს და 11 წლის მანძილზე თავის დასთან ერთად მოგზაურობს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში. ამ ხნის მანძილზე იგი საკმაოდ ცნობილი ხდება.

1645-1659 წლებში მოლიერი ეწევა როგორც დრამატურგიულ ასევე სამსახიობო მუშაობას. წერს თავის პირველ პიესებს, რომლებიც კომედია დელ'არტეს ძლიერ გავლენას განიცდის. 1658 წელს მოლიერის დასი პარიზში ბრუნდება. იღებს მეფის ძმის პროტექციას და დიდ წარმატებას აღწევს სამეფო კარზე. 1662 წელს ცოლად ირთავს 20 წლით უმცროს არმან ბეჟარს (სავარაუდოდ მადლენის დას ან შვილს). მასთან მოლიერს 2 შვილი ეყოლება, რომელთაგან ერთი წლინახევრის ასაკში დაიღუპება.
1664 წელს მოლიერი დგამს ''ტარტიუფს'', სადაც რელიგიის სიყალბეა ნაჩვენები, რასაც ძალიან დიდი სკანდალი მოჰყვება და მეფე, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებული ხდება აკრძალოს იგი. მომდევნო ორი წლის მანძილზე მოლიერი ავადმყოფობს, თუმცა ეს ხელს არ უშლის წერაში. იქმნება ისეთი შედევრები, როგორიცაა: ''მიზანთროპი'', სადაც თავის გულისტკივილსა და ტანჯვას გამოხატავს არმანთან დაშორების გამო, ''უნებლიედ ექიმი'', ''ძუნწი'', და მისი უკანასკნელი ნაწარმოები, ''მოჩვენებითი ავადმყოფი''.

1673 წლის 17 თებერვალს, მოჩვენებითი ავადმყოფის მეოთხე წარმოდგენის დროს, სადაც თავადვე თამაშობდა მთავარ როლს, მოლიერი ცუდად ხდება. რამდენიმე საათში იგი გარდაიცვლება. მას დაკრძალავენ ღამით, ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, სენტ-ეუსტაშის სამრევლოს სასაფლაოზე. 1817 წელს მისი ნეშთი გადასვენებულ იქნება პერ ლაშეზის სასაფლაოზე.

მოლიერის პიესები ნათლად ასახავს 1660-70-იან წლების რეალობას: მაღალ საზოგადოებაში გაბატონებულ ზნე-ჩვეულებებს (მიზანთროპი), ლიბერტინაჟს (დონ ჟუანი), გაკოტრებული არისტოკრატიის სწრაფვას მდიდარ ბურჟუაზიასთან კავშირისკენ (კეთილშობილი ბურჟუები). მოლიერის პერსონაჟები განასახიებენენ არა კონკრეტულ ადამიანებს, არამედ მარადიულ ტიპებს, ხასიათებს, როგორიცაა: მლიქვნელობა, სიძუნწე, მიზანტროფია. ეს პერსონაჟები იმდენად ცოცხალ ტიპებს წარმოადგენენ, რომ მატი სახელები თანამედროვე ლექსიკონშიც კი დამკვიდრდა: დონ ჟუანი, ტარტიუფი, არპაგონი. თავის კომედიებში მოლიერი მარტივ, ცნობილ სიუჟეტებს იღებს. ნაკლებად ზრუნავს დამაჯერებლობაზე. პერსონაჟთა უმრავლესობა კარიკატურული სახისაა, მაგრამ ამავე დროს ტიპირებული, სიტუაციები კი - ცოტათი უცნაური. დრამატურგი ცდილობს არა წესების დამორჩილებას, არამედ ეფექტის მოხდენას, ამიტომ კომედიებში ფანტასტიკური დასასრულიც კი შემოაქვს, თან უმეტესად კეთილი.



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations