Loading



ავტორების სია » ჰაინრიხ ჰაინე


დაიბადა : 13.12.1797 წ
გარდაიცვალა : 17.02.1856 წ

ჰაინრიხ ჰაინე (გერმ. ჩჰრისტიან ჟოჰანნ ჰეინრიჰ ჰეინე) (დ. 13 დეკემბერი, 1797, დიუსელდორფი - გ. 17 თებერვალი, 1856, პარიზი), გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი. დაიბადა ებრაელის ოჯახში. 1819-1825 სწავლობდა გეტინგენის, ბერლინის, ბონის უნივერსიტეტებში. 1821-1823 ისმენდა გ. ჰეგელის ლექციებს. 1825 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიიღო ქრისტიანული (პროტესტანტული) რწმენა. ნაწარმოებების გამოქვეყნება 20-იან წლებში დაიწყო. ჯერ კიდევ სიჭაბუკეში ღრმად განცდილი საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის გავლენა ჰაინეს კიდევ უფრო გაუმძაფრა ევროპის რევოლუციური ტრადიციების აღორძინება-აღმავლობამ. ამ პერიოდის საუკეთესო ნაწარმოებები გაერთიანდა ლირიკული ლექსების კრებულში „სიმღერების წიგნი" (გამოქვეყნდა 1827), რომელშიც პოეტის დემოკრატიული იდეები შეერწყა პოლიტიკურ და სოციალურ განთავისუფლების იდეებს. კრებულში მძლავრია გერმანიის ხალხური ლირიკის ინტონაცია; თითქმის ეპიგრამული ხასიათის „სიმღერები" დიდ ემოციურ ზემოქმედებას ახდენს, იგი განტვირთულია არქაიზმებისაგან, ნაწილობრივ მიჰყვება გოეთეს ლირიკას. ამავე პერიოდის „მოგზაურობის სურათები" (ნაწ. 1-4, 1826-1831) მიმართულია რესტავრაციის წინააღმდეგ; მასში ჰაინე - რეალისტი აღწევს ფართო პოლიტიკურ და სოციალურ ხასიათის განზოგადებას; ამავე დროს ნაწარმოებში იკვეთება მწერლის ლიტერატურული მანერა - პროზა ლირიკულია, ასოციაციური, საგრძნობია მოულოდნელი იმპროვიზაციისა და გადახვევების სიჭარბე.

გერმანიის თვითმპყრობელობა, პოლიტიკა და ცენზურა ძალზე ავიწროებდა პოეტს, მისთვის ყველა კარი დახშული იყო. 1831 ჰაინე იძულებული გახდა საფრანგეთში წასულიყო, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა პოლიტიკურ ემიგრანტად, რამდენადაც მიჩნეული იყო გერმ. ოპოზიციური ლიტერატურის მოთავედ. 1835 გერმანიის ბუნდესტაგმა აკრძალა ჰაინეს თხზულებები. 30-იან წლებიდან მოყოლობული იგი ჩაება გერმანელი ემიგრანტების პოლიტიკერ საქმიანობაში, დაუახლოვდა დიდ ფრანგ მწერლებს; მან თავად იკისრა საფრანგეთისა და გერმანიას შორის თავისებური იდეურ-კულტ. შუამდგომლობა, რაც აისახა ნაწარმოებებში: „ფრანგი მხატვრები" (1831), „ფრანგული ვითარებანი" (1832), „ფრანგული სცენის თაობაზე" (1837), „რომანტიკული სკოლა" (1833, 1836), „გერმანიაში რელიგიისა და ფილოსოფიის ისტორიასთვის" (გერმანულად 1834, ფრანგულად 1835), „ლუტეცია" (1840-1847, ცალკე გამოქყვენდა 1855). ამავე ხანებში ჰაინემ წამოიწყო პოლემიკა ლ. ბერნესთან, რაც საფუძვლად დაედო მის პამფლეტს „ლუდვიგ ბერნე" (1840) და პოემას „ატა ტროლი. ზაფხულის ღამის სიზმარი" (1843). პარიზში ჰაინემ შეისწავლა ფრანგი სოციალისტების დოქტრინები; იგი გაიტაცა ფურიესა და სენ-სიმონის იდეებმა. 1843 აქვე გაიცნო და დაუახლოვდა კ. მარქსს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა პოეტის შემდგომ პოლიტიკრ შეხედულებებზე. 1844 გამოაქვეყნა „თანამედროვე ლექსები" და პოემა „გერმანია. ზამთრის ზღაპარი", რომლებშიც უმაღლეს დონეზე მიაღწია პოლიტიკურ ლირიკამ.

1846 წლიდან ჰაინე დამბლამ სამუდამოდ მიაჯაჭვა საწოლს. ამ პერიოდის ლექსების კრებულში „რომანსერო" (1851) და „აღიარებანი" (1853-1854) ახლებულად აჟღერდა მისი პოლიტიკური ლირიკა. ჰაინე გარდაიცვალა პარიზში, დასაფლავებულია მონმარტის სასაფლაოზე.
 

ჰაინეს შემოქმედებას საქართველოში პირველად ი. ჭავჭავაძე და აკ. წერეთელი გამოეხმაურნენ. განსაკუთრებით აიტაცეს მისი პუბლიცისტურმა ნაწარმოებები, თარგმნეს რამდენიმე ლექსი „სიმღერების წიგნიდან", შემდეგ კი სხვა კრებულებიდან. ჰაინეს სატრფიალო ლირიკული თარგმანები ეკუთვნის იოსებ ბაქრაძეს; მათგან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ლექსმა „ტურფავ, ტურფავ, რას უყურებ!", რომელიც შემდეგ სიმღერად გავრცელდა. ქართულად თარგმნილია ჰაინეს შემოქმედების დიდი ნაწილი; მას ქართულ ენაზე მიეძღვნა მრავალი მონოგრაფია.



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations