Loading



ავტორების სია » ვიქტორ ჰიუგო


დაიბადა : 26.02.1802 წ
გარდაიცვალა : 22.05.1885 წ

ვიქტორ ჰიუგო (ვიქტორ ჰუგო, 1802, 26 თებერვალი, ბეზანსონი - 1885, 22 მაისი, პარიზი) ფრანგი რომანტიკოსი მწერალი, პოეტი, დრამატურგი. ჰიუგომ ბავშვობა პარიზში გაატარა. ის ჭაბუკობიდანვე იწყებს ლექსების წერას და 15 წლის ასაკში საფრანგეთის აკადემიისგან ჯილოსაც იღებს. ამ დროისთვის მისი ამბიციები უკვე საკმაოდ დიდია: "მე მინდა ვიყო შატობრიანი ან არავინ", - წერს იგი სკოლის ჟურნალში. დედის სიკვდილის შემდეგ 1819 წელს ძმებთან ერთდ აარსებს ჟურნალს "ლე ცონსერვატეურ ლიტტერაირე", რითიც ლიტერატურულ წრეებში ცნობილი ხდება. მალე იგი თავს ანებებს მათემატიკის შესწავლას, რომლის მიმართაც ერთ დროს დიდი ინტერესი ჰქონდა, და მთლიანად ლიტერატურულ მოღვაწეობაში ერთვება. ამ დროისთვის ჰიუგო უკვე გამოკვეთილია როგორც რომანტიზმის წინამძღვარი. მისი შემოქმედება უკვე მოიცავს არა მხოლოდ ლექსებს, არამედ რომანებს, პიესებსა და პუბლიცისტურ სტატიებს.

1822 წლის 12 ოქტომბერს ცოლად ირთავს ადელ ფუშერს, რომელთანაც 5 შვილი შეეძინება. 1841 წელს ჰიუგო საფრანგეთის აკადემიის წევრად იქნება არჩეული. 1843 წელს იღუპება მისი ერთ-ერთი ქალიშვილი, ლეოპოლდინა, რაც ძალიან იმოქმედებს მამაზე. მწერალი 10 წლის მანძილზე თავს ანებებს ლიტერატურულ მოღვაწეობას და თავს მხოლოდ პოლიტიკას უძღვნის. იგი როიალისტების საწინააღმდეგოდ ლიბერალთა მხარეზე იბრძვის. 1852 წელს ლუი ნაპოლეონის მიერ სახელმწიფო გადატრიალება იმედებს უმსხვრევს და აიძულებს გაიქცეს. 18 წლის მანძილზე ჰიუგო ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. ამ პერიოდში იგი წერს ''განჭვრეტას'', ''ნაცვალგებასა'' და ''საბრალონს''. 1870 წელს, იმპერიის დაცემის შემდეგ პარიზში ბრუნდება, სადაც მისი სახელი უკვე ლეგენდადაა ქცეული. მწერალი გარდაიცვალა1885 წელს, 84 წლის ასაკში. დაკრძალვაზე მას სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიაგო პატივი. ვიქტორ ჰიუგო პარიზის პანთეონში დაკრძალეს.

1830 წელს ''კომედი ფრანსეზში'' იდგმება ჰიუგოს რომანტიკული დრამა ''ერნანი'', რომელიც ძველსა და ახალ თაობას შორის დაპირისპირებას იწვევს. ''ერნანში'' სრულიად უარყოფილია კლასიცისტური ნორმები. ლიტერატურულ მოღვაწეობას ჰიუგო პოეზიით იწყებს. მისი პირველი პოეტური ნაწარმოებები ოდებია, რომელთა მთავარი თემებია თანამედროვე სამყარო, ისტორია, რელიგია, პოეტის როლი. ამ ნაწარმოებებში უკვე იკვეთებ კლასიკური ნორმების უარყოფა და პოეზიის ახლებური ხედვა. 1828 წელს ჰიუო მთელ თავის ადრეულ პოეტურ ნაწარმოებებს თავს უყრის კრებულში ოდები და ბალადები. 1830 - 1840 წლებში დაწერილი ლექსები უფრო ლირიკულია და მიემართება ქალს, ღმერთს, მეგობრებს, ბუნებას. თუმცა ჰიუგო მაინც ვერ უძლებს ცდუნებას და ლექსების უმრავლესობაში გატარებული აქვს ეპიკური თემებიც. 1853 წელს ბელგიაში მყოფი პოეტი წერს ნაცვალგებას, რომელიც მიმართულია ნაპოლეონ III-ის წინააღმდეგ, და ფარულად ავრცელებს მას საფრანგეთში იმ იმედით, რომ ამით ხალხის ამბოხს გამოიწვევდა.  1856 წელს იწერება განჭვრეტა, რომელიც ჰიუგოს პოეზიის მწვერვალად ითვლება.

მკითხველთა ფართო წრეებში ჰიუგო თავისი რომანებითაა ცნობილი. პირველი რომანი, ბუგ-ჟარგალი 16 წლისამ დაწერა, ბოლო, ოთხმოცდაცამეტი კი 72 წლის ასაკში. შედარებით ადრე დაწერილი რომანები, მათ შორის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ისტორიულ რომანებს განეკუთვნება, 1874 წელს დაწერილი ოთხმოცდაცამეტი საბოლოოდ აკონკრეტებს ჰიუგოსათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას - საფრანგეთის რევოლუციის გადამწყვეტ როლს პოლიტიკაში, საზოგადოებასა და ლიტერატურაში.



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations