Loading



ავტორების სია » პავლე ინგოროყვა


დაიბადა : 01.11.1893 წ
გარდაიცვალა : 20.11.1983 წ

პავლე იესეს ძე ინგოროყვა დაიბადა 1893 წლის 1 ნოემბერს ქალაქ ფოთში. აქვე დაამთავრა რამდენიმე კლასიანი სასწავლებელი. 1912 წელს, 19 წლის ასაკში იგი საქართველოდან გაემგზავრა და გეზი პეტერბურგისკენ აიღო. ამავე წელს მან პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. სტუდენტობის პრიოდშივე, 1913 წელს, გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი "ძველ- ქართული სასულიერო პოეზია". 1914 წელს კი პირველად გამოჩნდა ქართული გაზეთების ფურცლებზე მისი სტატია "თარგმანება ფსალმუნთა წიგნისა". სამწლიანი სწავლისა და სასწავლებლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, 1915 წელს პავლე ინგოროყვა საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ დიპლომი არ აუღია. სამშობლოში დაბრუნებულმა მეცნიერმა მუშაობა ჩვეული რიტმით განაგრძო.

1916 წელს გამოსცა თამარ მეფის "გალობანი ვარძიისანი". 1917 წლიდან აქტიურად ჩაება საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გახდა ეროვნული საბჭოს, შემდგომში პარლამენტის წევრი. 1923 წლამდე მისი სტატიები აქტიურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. 1924 წელს კი დააფუძნა ჟურნალი "კავკასიონი". 1925 წელს პავლე ინგოროყვას გაზეთი აკრძალეს.

1928 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა გამომცემლობა "ქართული წიგნი".  ამავე პერიოდში, 1924-1928 წლებში მან დაიწყო აქტიური მუშაობა ვეფხისტყაოსნისა და რუსთაველის თემებზე, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე არ შეუწყვეტია. 1929 წელს დაინიშნა სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგედ. 1936-1938 წლებში ის გახლდათ "დიდი საბჭოთა ენციკლობედიის" სარედაქციო კოლეგიის ხელმძღვანელი.

პ. ინგოროყვამ თავისი მოღვაწეობის არც თუ ისე უმნიშვნელო ნაწილი დაუთმო შოთა რუსთაველის და "ვეფხისტყაოსნის" კვლევას. რის შედეგადაც შექმნა უამრავი ნაშრომი: "რუსთაველიანა" 1926, "რუსთაველიანაზე" 1927 , "რუსთაველი და მისი პოემა" 1937, "რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა" 1940-1941 , "შოთა რუსთაველი" 1937, "ვეფხისტყაოსნის ტექსტი" 1953, ამასთანავე, ინგოროყვამ ორჯერ გამოსცა "ვეფხისტყაოსანი" 1953 და 1971 წლებში.

მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომია მეუღლისადმი მიძღვნილი, "გიორგი მერჩულე", რომელზეც იგი თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მუშაობდა.
ამავე ნაშრომის საშუალებით აღმოაჩინა რიტმული პოეზიის მაგალითები და სცადა ძველი ქართული სანოტო სისტემის გაშიფრვა. სულ მოიძია 31 ჰიმნი და 1200-მდე საგალობელი. მან ასევე დიდი ყურადღება დაუთმო უდიდეს ქართველ მწერლებს. 1938, 1940, 1951 წელს გამოსცა მონოგრაფიები ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელსა და ნიკოლოზ ბარათაშვილზე. ფუნდამენტური კვლევა ჰქონდა აფხაზეთის ოლქის შესახებ. ამ ნაშრომის გამო უარი ეთქვა აკადემიკოსად არჩევაზე. იგი ფლობდა ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, ძვ. ბერძნულ, ლათინურ და იტალიურ ენებს, რომლებსაც აქტიურად იყენებდა კვლევებისას.

პავლე ინგოროყვა 1983 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა, დაკრძალულია დიდუბეში

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations