Loading



ავტორების სია » ანტუან დე სენტ ეკზიუპერი


დაიბადა : 29.06.1900 წ
გარდაიცვალა : 31.07.1944 წ

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი დაიბადა 1900 წელს ქალაქ ლიონში. იგი იყო პილოტი, ფრანგული აეროდრომის უფროსი ესპანეთის მაროკოში, შემდეგ კი - კომპანია ''აეროპოსტა - არგენტინას" საჰაერო ხაზების დირექტორი.

მისი პირველი მოთხრობა - ''სამხრეთის ფოსტა" - 1928 წელს გამოვიდა, ხოლო მეორე - ''ღამის ფრენა" - 1931 წელს. ამ მოთხრობამ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი მის ავტორს.

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი ნიჭიერი ჟურნალისტის კალმითა და მთელი სულითა და გულით ეხმაურებოდა ყველაფერს, რაც ქვეყნად ხდებოდა. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს იგი, როგორც ფრანგული გაზეთების კორესპონდენტი, შეშფოთებას გამოთქვამს ევროპის ბედზე, მომავალზე, რომელსაც ფაშიზმი ემუქრება. ადამიანებისადმი დიდი სიყვარულითაა განმსჭვალული მისი საუკეთესო ნაწარმოები - ''ადამიანების მიწა" (1939 წ.). ჰიტლერიზმის წინააღმდეგ კაცობრიობის სასტიკი ბრძოლის წლებში იგი მოვლენების მგზნებარე მონაწილეა. ომის დაწყებისას ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი უკვე აღარ მსახურობდა ავიაციაში. მრავალი ხიფათის შედეგად მიღებულმა ჭრილობებმა ავიაციაში სამსახურის უფლება მოუსპო მას. მაგრამ იგი მაინც დაუბრუნდა თვითმფრინავს და იბრძოდა მტრის მიერ საფრანგეთის დაპყრობამდე. ამის შემდეგ ეკზიუპერი ამერიკაში მიემგზავრება, როგორც ემიგრანტი. დამარცხებულ და გაქელილ სამშობლოზე დარდით, მრისხანებითა და დამპყრობლებისადმი სიძულვილითაა აღსავსე მისი მოთხრობა ''სამხედრო მფრინავი". ნიუ იორკში ცხოვრებისას დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "პატარა უფლისწული".

მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი ისევ ახერხებს ავიაციაში დაბრუნებას, რომ უშუალო მონაწილეობა მიიღოს ბრძოლაში. იგი ამ დროს თითქმის ხეიბარია - ამხანაგების დაუხმარებლად კომბინეზონის ჩაცმა და თვითმფრინავის კაბინაში ჩაჯდომაც კი არ შეუძლია, მაგრამ მას კიდევ შეუძლია მანქანის მართვა და ტყვიამფრქვევიდან სროლა. იგი ისევ ხვდება მტერს, რამდენიმე საბრძოლო დავალებას ასრულებს და 1944 წლის 31 ივლისს საჰაერო ბრძოლაში იღუპება.

ნაწარმოებები :

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations