Loading



ავტორების სია » სოფრომ მგალობლიშვილი


დაიბადა : 20.07.1851 წ
გარდაიცვალა : 30.11.1925 წ

მგალობლიშვილი სოფრომ ზაქარიას ძე, 20. VII. 1851, სოფ. დირბი, ქარელის რ-ნი - 30. XI. 1925, თბილისი. ქართველი მწერალი, ხალხოსანი. 1867 წელს დაასრულა გორის სასულიერო სასწავლებელი და 1873 წელს თბილისის სასულიერო სემინარია. 1893-1897 წლებში მუშაობდა ფოთში, სამეგრელოს საეპარქიო სამმართველოში, ხოლო 1897-1910 წლებში - თბილისში, სინოდის კანტორაში. გორის ხალხოსანთა რევოლუციურ ორგანიზაციაში მონაწილეობისათვის ორჯერ (1876 და 1878 წლებში) იყო დაპატიმრებული. იგი თანამშრომლობდა ქართველ ხალხოსანთა ჟურნალში "იმედი", 1912-1913 წლებში გაზ. "ჩვენი დროების", ხოლო 1912 წლიდან გაზ. "თემის" რედაქტორი იყო. ს. მგალობლიშვილი ხალხოსნური მიმართულების მწერალია. მის შემოქმედებაში აისახა ქართველი გლეხობის ცხოვრება ბატონყმობის გადავარდნის წინა პერიოდიდან 1905-1907 წლების რევოლუციისა და მისი მომდევნო რეაქციის ხანამდე. მის მოთხრობებში ("დედა მაია", 1880; "ღამის მეხრე ცეცო", 1881; "მთიული სოსე", 1892 და სხვ.) გამოხატა გლეხობის უსასოო მდგომარეობა, მათი შეუბრალებელი ექსპლოატაცია ვაჭრების, მემამულეებისა და მეფის მოხელეთა მიერ; სოფლის მშრომელთა ე. წ. "პროლეტარიზაციის" პროცესში ("დემეტრეს სახლობა", 1888) ქალაქის ბურჟუაზიის მტაცებლური დამოკიდებულება "გაქალაქებულ" გლეხთა მიმართ. ს. მგალობლიშვილი, ხალხოსანი მწერლების მსგავსად, გლეხთა ბედუკუღმართობის მთავარ მიზეზად გაუნათლებლობას მიიჩნევდა და პრაქტიკულადაც იღვწოდა სოფელში კულტურის შეტანისათვის. მწერალმა გლეხობის მებრძოლი ბუნება და სოფლად რევოლუციური იდეების გავრცელება გამოხატა მოთხრობაში "ჯორ-ზაქარა" (1907 წ.). ს. მგალობლიშვილმა თავის ნაწარმოებებში ქართველი გლეხი ქალების საინტერესო სახეები შექმნა. ძველი ადათებისა და ცრურწმენის მონას - დედა მაიას ("დედა მაია") უპირისპირდება ზაქარას მეუღლე მარინე, მაღალი შეგნებისა და ქედუხრელი ბუნების ადამიანი ("ჯორ-ზაქარა"). მწერალი თავის მოთხრობებში ინტელიგენციისაგან მოითხოვს ხალხის სამსახურს, დაუზოგავად ამხილებს კარიერისტებსა და ეგოისტური ზრახვებით შეპყრობილთ ("წითელი სარჩული", 1905 წ.). ს. მგალობლიშვილს ეკუთვნის აგრეთვე მემუარული ხასიათის მოგონებები (გამოიცა 1938 წელს), ვრცელი ავტობიოგრაფიული მოთხრობა "წარსულიდან" (1898-1900 წწ.), პოპულარული საყმაწვილი მოთხრობები - "თინიას გიშერა" (1890 წ.), "ყაყიტას ქურდი" და სხვ. ს. მგალობლიშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა ქართული ლიტერატურის ისტორიაში.



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations