Loading



ავტორების სია » ანტონ ჭყონდიდელი


დაიბადა : წ
გარდაიცვალა : 1815 წ

ღირსი ანტონი ცაგარელ-ჭყონდიდელი, მქადაგებელი, მთარგმნელი, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე, დაიბადა სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის მრავალშვილიან ოჯახში.

ანტონ ჭყონდიდელმა პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. მისი პირველი მასწავლებელი დედა იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ანტონი (მისი საერო სახელი უცნობია) ძმის, კაცია დადიანის კარზე იზრდებოდა. მას საერო მოღვაწედ ამზადებდნენ და ამიტომაც საღვთო წერილსა და მამათა შრომებზე უფრო ღრმად საერო მწერლობა, პოეზია, ფილოსოფია და ხელოვნება შეასწავლეს. ანტონი ფლობდა თათრულ ენასაც.

მონაზვნად შემდგარმა ანტონმა მომეტებულად იგრძნო წყურვილი საეკლესიო განათლებისა. მან მიმართა მარტვილის ბერებს, რომელთა ხელმძღვანელობითაც ეცნობოდა წმინდა მამათა ცხოვრებას. ამ დროს სამეგრელოში გაიგეს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში გაიხსნა საფილოსოფოსო სკოლა და 1757 წლის ახლო ხანებში  გაემგზავრა თბილისს, მეფე ერეკლე მეორის კარზე, რომელსაც ცოლად ჰყავდა მისი მამიდა დარეჯანი. სწორედ აქ განასრულა სწავლა.

ქართულ მწერლობაში ანტონი ცნობილია, უპირველეს ყოვლისა, როგორც გამოჩენილი მქადაგებელი. მჭევრმეტყველი. ორატორის სახელი მან ჯერ კიდევ ცაგერის კათედრაზე მოიპოვა და 1765 წელს ქართლ-კახეთიც დაარწმუნა ამაში, როდესაც თბილისში, კაცია დადიანის ქორწილზე, სულიწმინდის დღეს, ექსპრომტად წარმოთქვა ისეთი შესანიშნავი, ლამაზი და ბრძნული სიტყვა, რომ ანტონ პირველი კათალიკოსიც განცვიფრებაში მოიყვანა და აღტაცებულმა კათალიკოსმა იგი ამბიონზე გადაკოცნა.
კრებული მისი ქადაგებებისა გამოიცა 1898 წელს ქ. ფოთში თედო ჟორდანიას რედაქტორობით. ამ კრებულში ყველა მისი ქადაგება არ შესულა. აქ მხოლოდ 34 მოძღვრებაა. ღირსი ანტონი ცნობილია არა მარტო როგოგრც მქადაგებელი (მჭევრმეტყველი), არამედ როგორც მთარგმნელი. მან სომხური ენიდან თარგმნა სხვადასხვა შრომა. ერთ ამგვარ თხზულებას ეწოდება ,,წიგნი ჭეშმარიტებითისა ღმრთისმეტყველებისა". ის შენახულია ერთადერთ ხელნაწერში (ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილება, ნომერი 95). თხზულება მუზეუმში დაცულია 1925 წლიდან.
ფილოსოფიური სკოლის დასრულების შემდეგ, ღირსი ანტონი სამეგრელოში დაბრუნდება, 1761 წელს მას ხელი დაასხეს ცაგერის ეპისკოპოსად.

1777 წელს გარდაიცვალა ჭყონდიდელი გრიგოლი, ბეჟან დადიანის ძე. იმავე წელს ჭყონდიდის ტახტზე ავიდა ანტონ ცაგარელი, მიტროპოლიტმა ანტონმა დატოვა ჭყონდიდის კათედრა, უბრალო მონაზვნური ღვაწლი იტვირთვა და მის მიერვე აშენებული ნახარებაუს მონასტერში განმარტოვდა.

ჭყონდიდელობიდან გადადგომის წინა წელს (1788 წელს) მთავარს, კაცია დადიანს, ყველა საეკლესიო მამული გაათავისუფლებინა საერო გადასახადებისაგან.

ღირსი ანტონი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 1815 წელს ნახარებაუს მონასტერში. დაკრძალულია იქვე.

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations