Loading



ავტორების სია » ფირდოუსი


დაიბადა : 0932 წ
გარდაიცვალა : 1020 წ

მისი ნამდვილი სახელი ამოუცნობია, "ფირდოუსი" კი ნიშნავს "სამოთხელს", ჰაქიმი - ბრძენს, აბუ ლ-ყასემ (მამა ყასემისა) საპატიო ტიტულია (ლაყაბი), ტუსი - წარმომავლობას აღნიშნავს (ტუსელი). წარმოშობით დეჰყანთა (მიწისმფლობელთა საშუალო ფენა) წრიდან იყო. აბულ-ყასემ ფირდოუსი დაიბადა 932-940 წლებში(ოფიციალურად აღიარებულია 934 წელი) ქალაქ ტუსის მახლობლად მდებარე სოეფლ ბაშში, ხელმოკლე აზნაურის (დეჰყანის) ოჯახში. მიიღო ბრწყინვალე განათლება, მოღვაწეობა დაიწყო სამანიდთა კარზე. დაინტერესებული იყო ისტორიით, ლიტერატურით, ლეგენდებით, რომელთა ვრცელი პროზაული კრებულები პოპულარული იყო მის დროს ფალაურ, არაბულ და ახალ სპარსულ ენებზე ("ხვატაინამაკი" და "ხოდაინამე"). განსაკუთრებით გამოირჩეოდა აბუ-მანსურისეული პროზაული "შაჰ-ნამე", რომლის გალექსვა წამოიწყო ახალგაზრდა პოეტმა დაყიყიმ. მისი სიკვდილის შემდეგ "შაჰ-ნამეს" გალექსვა ფირდოუსმა გააგრძელა და თითქმის ოცდაათი წელი მოანდომა. მაგრამ მეათე საუკუნის მიწურულს პოლიტიკური ვითარება შეიცვალა: სამანიდთა დინასტია დაამხო თურქთა მოდგმის სულთანმა აჰმუდ ღაზნევიმ (998-1030) პოეტს ადრესატი და დამკვეთი მოეშალა, უამისოდ კი ვერც ავტორი მიიღებდა გასამრჯელოს და ვერც თხზულება მოიპოვებდა ოფიციალურ აღიარებას. პოემის ტექსტიდან ირკვევა რა მძიმე დღეები გადაიტანა ფირდოუსმა, როგორც პირად ცხოვრებაში (შვილის გარდაცვალება, სიღარიბე დასნეულება), ისე შემოქმედებით ასპარეზზე (არეულობის წლებში იგი იძულებული იყო დაემალა თავისი თხზულება). მაჰმუდის აღზევების შემდეგ ფირდოუსს სხვა გზა არ ჰქონდა, ხელი მიჰყო პოემის მეორე რედაქციის შექმნას. პოემაში გაჩნდა მაჰმუდის საქებარი სტრიქონები, მაგრამ ამ ხერხმა საქმეს ვერ უშველა. ფირდოუსი გადაიხვეწა. სულთანი კი ერთობ გვიან დარწმუნდა "შაჰ-ნამეს" მაღალმხატვრულ ღირსებაში. გადმოცემის მიხედვით, ფირდოუსს უცხოეთში ხეტიალის დროს დაუწერია სატირა "სულთან მაჰმუდზე". როგორც ვარაუდობენ, ღრმად მოხუცებული ფირდოუსი გარდაიცვალა 1020-1025 წლებში მშობლიურ ქალაქში და იქვე დაიკრძალა.



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations