Loading


ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა


02.10.2015

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სკოლის მოსწავლეებისთვის ათასწლეულის ინოვაციის ახალ კონკურსს იწყებს. კონკურსის თაობაზე განცხადება დღეს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გააკეთა. კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და აშშ-ის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ. ღონისძიების ფარგლებში, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2014-15 წლის ფინალისტების ინოვაციური პროექტების გამოფენაც გაიმართა.

ინოვაციის კონკურსის მიზანია გამოავლინოს სამი საუკეთესო გუნდი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სფეროში.

კონკურსში მონაწილე მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 1997 წლის 2 აპრილიდან - 2003 წლის 1 აპრილის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2-5 მოსწავლისაგან შემდგარ გუნდს შეუძლია წარმოადგინოს პროექტი შემდეგი საკონკურსო კატეგორიიდან ერთ-ერთში: კოსმოსი და ავიაცია; ჯანდაცვა და კვება; კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება; გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და ეკოსისტემები. გუნდის მიერ შემოტანილი პროექტების რაოდენობა არ არის შეზღუდული, თუმცა, ერთი პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთ კატეგორიაში.

პროექტების მიღება

კონკურსში მიღების მსურველებმა პირველ ეტაპზე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 25 ოქტომბერი.

პრიზი

კონკურსის შედეგად შერჩეული, პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას მიიღებს კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტში (http://www.conradchallenge.org), რომელიც გაიმართება 2016 წლის აპრილში, აშშ–ში.

კონკურსის მიზანი

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც დაეხმარება მათ სამომავლოდ პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი პირველად 2014-2015 წელს განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო ოთხმოცდახუთმა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან. 2015 წელს კონკურსში გაიმარჯვა ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლისა და კერძო სკოლის „მზექა“ მოსწავლეებმა, ირაკლი კაპანაძემ და კარლო ხუციშვილმა, პროექტით „მულტიკლიმატიზატორი“. გუნდმა, 2015 წლის 9-11 აპრილს, მონაწილეობა მიიღო აშშ-ში, კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის ცენტრში, ფლორიდაში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხადრაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და აშშ-ის კონრადის ფონდთან თანამშრომლობით (The Conrad Foundation).


გენიალობა იმით განსხვავდება სიბრიყვისაგან, რომ გააჩნია საზღვარი.

ალბერტ აინშტაინი



14.09.2017

გრძელდება ჩვენი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადებზე, ამჯერად, 15 წლამდე ასაკის მოსწავლეთა ნაკრები ბულგარეთიდან დაბრუნდა, სადაც სრულიად ევროპის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

11.08.2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად, საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს...

26.07.2017

მედლებით დაბრუნდნენ საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდის წევრები  ცენტრალური ევროპის ქვეყნების (CEOI) 24-ე ოლიმპიადიდან ინფორმატიკაში, რომელიც  სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ჩატარდა.

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations